პირველი ფირის კამერა 4 წლის წინ შეიძინა. თავიდან იღებდა ყველაფერს, თუმცა შემდეგ მიხვდა რომ ქალის სხეულის ფირზე აღბეჭდვა ყველაზე დიდ სიამოვნებას და ინტერესს იწვევდა მასში. ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ იღებს დღემდე ფოტოებს, ფირზე გადაღების ამაღელვებელი პროცესია. “შედეგი არ იცი რა იქნება, იმისთვისაც მზად ხარ, რომ შეიძლება არაფერი დაგხვდეს ფირზე, რაც ძალიან ბევრჯერ მომხდარა. ასევე უფრო მეტად ფიქრობ გადაღების პროცესში, რადგან კადრების რაოდენობაში შეზღუდული ხარ”.
ახლა სოფის გამოწვევა თორმეტ კადრიანი ფირის კამერაა. ერთი ფოტოსთვის ერთი მცდელობა აქვს. ყოველი კადრი მნიშვნელოვანია ამიტომ ცდილობს თითოეული განსაკუთრებული აღმოჩნდეს. ყოველთვის მოსწონდა ადამიანებზე დაკვირვება უნდოდა ყოველი ახალი კადრი სიახლე ყოფილიყო მისთვის. ამიტომ გადაწყვიტა უცხო ადამიანების სხეულები გადაეღო, რათა ყოველი წამის დაჭერა საწყის მცდელობას დამსგავსებოდა. თვლის რომ ადამიანის შიშველი სხეულები ისტორიების მატარებლები და ამავდროულად ყველაზე ნამდვილები არიან. “მიუხედავად, იმისა, რომ პირველად ვხედავ მათ, ძალიან ახლოს ვგრძნობ თავს მათთან.” სოფი ფიქრობ რომ ბევრი ადამიანი შიშველი სხეულის სექსუალიზებას ახდენს, ამიტომ ცდილობს რომ მისი ფოტოები მსგავსი აღქმისგან შორს იყოს და ყველამ ისე დაინახოს მის ობიექტივში მოხვედრილი ადამიანები, როგორც თავად ხედავს. “ხშირად უთქვამთ რომ რაღაც არ მოსწონთ საკუთარ თავში და უნდათ იქნებ მე სხვანაირად დავანახო ეს ყველაფერი და ძალიან მახარებს, როცა გამომდის.” ხშირად ფიქრობს რომ ვიღაცებს ეს არაფრის მომტანი და უბრალოდ გასართობი საქმე ჰგონიათ. თუმცა მისთვის მნიშვნელოვანი საკუთარი განცდებთან და ემოციებთან ერთად იმ ადამიანების აზრია ვისაც იღებს. “თუ მას მოეწონა ვისაც ვიღებ, ესეიგი სწორად გავაკეთე ყველაფერი.”
|